Friday, November 15, 2013

მეცხრე დღე

 დადგა ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღე.  ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს და ვეღარ ვისვენებ, პორტფოლიოს პრეზენტაციას მოუთმენლად ველი. თავი არ დამიზოგავს, რომ საკუთარი გამოცდილება და ტრენინგზე შესწავლილი სიახლეები მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემს პროექტში. 
 დღეს პირველი პრეზენტატორი ვარ და ასე თუ ისე, ვღელავ.
 პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა და ტრენერის აზრით, შემეძლო უკვე ამეტვირთა Google drive-ში და ინტელის ტრენინგის რეფლექსიის ბლოგზე ბმულით დამეკავშირებინა. 
 მერვე მოდულის ბოლოს ასეთი რამ ამოვიკითხე: ,,კურსის დასრულების შემდეგ, მასწავლებელს ალბათ სურვილი გაუჩნდება, „შვებით ამოისუნთქოს“ და ჩვეული მოთხოვნების შესრულებას დაუბრუნდეს", მაგრამ მე პირადად  ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ საშინელი მოუსვენრობისა და სინანულის გრძნობა დამეუფლა. აი ისეთი,  საინტერესო  წიგნს რომ დაასრულებ და გენანება, რომ დასრულდა. დროდადრო უბრუნდები შენთვის საყვარელ ადგილებს, კითხულობ და ხელმეორედ განიცდი იმ სიამოვნებას, რაც ამ ადგილების კითხვისას მიიღე.
 ინტელის ტრენინგი  სწორედ ასეთი საინტერესო, შინაარსიანი  და საქმიანი ტრენინგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ შრომას, ენერგიას და დროს მოითხოვდა, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე ასეთი სტილით მუშაობისას. ეს ტრენინგი და თვითონ ინტელის საკითხავი მასალა თავისი რესურსებით პროექტებზე მუშაობისას ყოველთვის ,,სამაგიდო წიგნი" და ,,ერთგული მეგობარი" იქნება ჩემთვის. მაგრამ რომ არა ჩვენი ტრენერი–დათო ჯანიაშვილი, არ ვიცი ეს ყველაფერი ასე წარიმართებოდა თუ არა ჩემთვის. 
 მასწავლებლის შესახებ  ნოდარ დუმბაძის ოთხ საიდუმლოთაგან ერთ–ერთს მოვიშველიებ: ,,მასწავლებელს უსაზღვროს უნდა უყვარდეს  საგანი, რასაც ასწავლის და შეეძლოს სხვასაც შეჰყაროს ეს სიყვარული, როგორც სენი უკურნებელი". 
  დიდი მადლობა დათო!
  დიდი მადლობა, რომ ასე შემაყვარე ეს საქმე!
 ტრენინგის განმავლობაში გავიცანი ძალიან კარგი  ადამიანები, მასწავლებლები, რომლებთან ერთადაც მუშაობის პროცესი ძალიან  საინტერესო იყო. ერთმანეთსაც გულით ვეხმარეოდით. 
 ტრენინგის განმავლობაში ჩემს მიერ შემუშავებული იდეები და მასალები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 
 ჩვენი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში.
 ყველას წარმატებებს ვუსურვებ!
  

პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, November 10, 2013

მერვე დღე

 ტრენინგის მერვე დღე მთლიანად დიფერენცირებულ სწავლებასა და სასწავლო პროცედურებზე მუშაობას დავუთმეთ.
 მოსწავლეები შესაძლებლობების გარდა  ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. თუ მასწავლებელი მუდმივად იმუშავებს მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე, გაითვალისწინებს მოსწავლეთა საჭიროებებს და მოიფიქრებს როგორ ჩართოს ყველა მოსწავლე თემაზე წარმატებით მუშაობაში, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს ყველა მოსწავლე მიაღწევს, რადგან ყველას ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს  თავისი სასწავლო პოტენციალი.
 ჩემ სასწავლო პროექტში მოვიფიქრე ისეთი აქტივობები, რომელიც დაეხმარება სპეციალური საჭიროებებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს, თავი კომფორტულად იგრძნონ პროექტზე მუშაობისას. 
 ამავე დროს გავაკეთე პროექტის დეტალური მსვლელობა, სასწავლო პროცედურები, სადაც გავითვალისწინე ყველა პუნქტი, რაც გეგმაში მქონდა გათვლილი. მაგ. მიზნები, 21–ე საუკუნის უნარები, ესგ–ს სტანდარტები, შეფასებები და ა. შ. ვეცადე, უყურადღებოდ არ დამრჩენოდა არცერთი ნაბიჯი, არც ერთი უკუკავშირი, რაც მივიღე ტრენერისგან. 
 საშინაო დავალებად მოსამზადებელი მრჩება მხოლოდ დამხმარე რესურსები, რომელიც უკვე მოფიქრებული მაქვს. პორტფოლიოშიც ყველაფერს თავთავისი ადგილი მივუჩინე და იმედი მაქვს პორტფოლიოს პრეზენტაცია წარმატებით ჩაივლის.


Saturday, November 9, 2013

მეშვიდე დღე

  საშინაო დავალების შესრულება საკმაოდ შრომატევადი, თუმცა საინტერესო და შემოქმედებითი იყო. იმ ფაქტმა, რომ მოსწავლის გზა უნდა გაგვევლო და შეგვექმნა პროდუქტი ნებისმიერი სახით, დეტალურად წარმოაჩინა, თუ რა გზამკვლევები, შაბლონები თუ მითითებები იქნებოდა რეალურად საჭირო მოსწავლისათვის, ანალოგიური სამუშაო რომ ჩაეტარებინა. 
  ჩემი პროექტის დაგეგმვიდან გამომდინარე ავირჩიე ,,ფიზიკოსების" სამუშაო, გავაკეთე პრეზენტაცია და ამავე დროს შევქმენი ბლოგის მთავარი გვერდი, რომელსაც ჩავაბი  ,,ფიზიკოსების" კვლევების გვერდი და გავამდიდრე ფოტოებით, აგრეთვე მივუთითე ბმულები გამოყენებულ რესურსებზე. თუმცა გამორიცხული არაა და უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ მოსწავლის ნამუშევარი გაცილებით უკეთესი და ორიგინალური იყოს. 
 მეშვიდე დღეს წარმოვადგინეთ ჯგუფში ჩვენი დავალებები, ერთმანეთს გავუზიარეთ და გავაკეთეთ ზეპირი კომენტარები. უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს ხომ სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც გასცემს და მათთვისაც ვინც იღებს მას. მოსწავლეები კი უკუკავშირის პროცესში  უკეთ აყალიბებენ მოსაზრებებს და პასუხობენ შეკითხვებს. 
 ჩვენ შევიმუშავეთ აგრეთვე შეფასების რუბრიკები, რათა პროექტის ყველა ეტაპზე მოსწავლე გრძნობდეს, რომ მას აკვირდებიან, აფასებენ, ასწავლიან, მითითებებს აძლევენ და ა. შ. 
 თანდათან ვალაგებ პორტფოლიოს, სულ ცოტაღა დარჩა და პროექტი სრულყოფილი იქნება. მთავარი სამუშაო ჩატარებულია და სულ ცოტა მომნდომება და მისი რეალურად განხორციელება ნამდვილად არ იქნება რთული.

  

Sunday, November 3, 2013

მეექვსე დღე

 ტრენინგის მეექვსე დღეს შეფასების დროის ჩარჩოს მიხედვით დავხვეწე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის აღწერა. მსვლელობისას მივხვდი, რომ დროის ჩარჩოში იყო რაღაც ზედმეტი, ზოგიერთი რამ კი მოითხოვდა დამატებას, ამიტომ ცვლილებების შეტანა მომიხდა მთლიან გეგმაში. Intel-ის ძირითადი კურსის მთავარი უპირატესობაც სწორედ ისაა, რომ გვასწავლოს ასეთი სტილით მუშაობა, ყველა ეტაპზე დაგვანახოს მრავალფეროვანი შეფასებების აუცილებლობა და მორგებულად გამოყენების შესაძლებლობა, რათა პროექტი თანდათან დაიხვეწოს და დასრულებული ვარიანტი სრულყოფილი იყოს. ვფიქრობ, საბაზისო უნარ–ჩვევების გამოვლენის შემდეგ ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, კიდევ გახდეს საჭირო.
 გავეცანით Google drive–ში სხვადასხვა სახის ტესტებისა და სავარჯიშოების შედგენის ფორმებს. ვფიქრობ,  მოსწავლეებს გუგლეს ამ შესაძლებლობის გამოყენებით ინტერესი გაუღვივდებათ, რადგან სოციალური ქსელებით ურთიერთობა დღეს მათთვის ყველაზე კომფორტულია.
 ჩვენი პროექტის პრეზენტაციები ავტვირთეთ Google driveში და გავაზიარეთ ჯგუფში, რის შემდეგაც მისი ბმული ჩავსვით რეფლექსიის ბლოგზე. თითოეულს დაგვევალა გავაკეთოთ კომენტარები სულ მცირე ჯგუფის სამი წევრის პრეზენტაციაზე. ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანი თუ ,,კრიტიკული მეგობრის" როლს შევასრულებთ კომენტარების გაკეთებისას, გაცილებით ბევრის მომცემი იქნება ჩვენთვის, ვიდრე უბრალოდ ,,შექება".
 მეგობრებო, იყავით მაქსიმალურად კრიტიკულები!
შემდეგი კვირა ძალიან შრომატევადი იქნება, რადგან ჩვენ უნდა შევიდეთ მოსწავლის როლში და შევქმნათ ერთი დასრულებული ნამუშევარი ისეთი, როგორსაც მოვისურვებდით, რომ  მოსწავლეს შეექმნა და პროექტის ბოლოს წარმოედგინა. ამასთანავე დაგვევალა შეფასების დროის ჩარჩოში მითითებული ყველა რუბრიკის თუ სქემის  შექმნა.
 ვცდილობ, სამუშაოს არც სირთულეს და არც სიმრავლეს არ შევუშინდე!

Saturday, November 2, 2013

პროექტის პრეზენტაცია

მეხუთე დღე

 ტრენინგი თანდათან  აქტიურ ფაზაში შედის. დღეს თემის (პროექტის გეგმის) პრეზენტაციების დღეა!!!
 ჯერ  სამუშაო არ დამთავრებულა, მაგრამ შუალედური პრეზენტაციები ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთის სამუშაო პროცესს ვეცნობით,  ჩვენც ვაძლევთ და მათგანაც ვისმენთ რჩევებს.
 სწორედ ასე მოხდა ტრენინგის მეხუთე დღეს. წარმოვადგინეთ პრეზენტაციები და მივიღეთ რჩევები. 
 არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ტრენერს  არაჩვეულებრივად ესმის ის, რასაც გვასწავლის. ყველა საგნის მასწავლებელს ზუსტად მორგებულ დამხმარე რესურსებს და მითითებებს გვთავაზობს. დათოს მაგალითმა ნათლად დამანახა, როგორი უნდა იყოს მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის  როლი პროექტის მსვლელობისას, რომ პროექტზე მუშაობა მოსწავლეთათვის საინტერესო, მიზანმიმართული და დამოუკიდებლად მუშაობის სურვილის აღმძვრელიც და მიწოდებული დამხმარე რესურსებით ასე მუშაობის გამმარტივებელიც იყოს. 
 ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და მის მნიშვნელობაზე, დავალებად კი შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის გაკეთება დაგვევალა.
  პრეზენტაციამ  წარმატებით  ჩაიარა, დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ!!!

Sunday, October 27, 2013

მეოთხე დღე

 ტრენინგის ყოველ დღეს პროექტის გეგმის დახვეწაზე ვმუშაობთ. საშინაო დავალების მიხედით მოვისმინეთ ჯგუფის წევრების მიერ შედგენილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და ტრენერთან ერთად გავმართეთ დისკუსია ამ თემაზე. ვფიქრობ, ერთმანეთს ძალიან დავეხმარეთ.
 მოდული 2–ის აქტივობა 3–ში მოცემული საკითხავი მასალის მიხედვით ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე და შეფასების მნიშვნელობაზე. 
 ყველა მასწავლებელს გაცნობიერებული აქვს სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება ეფექტური სწავლების დაგეგმვის რა დიდ შესაძლებლობას ქმნის.
 ტრენინგზე კიდევ ერთხელ და უფრო ღრმად დავრწმუნდი იმაში, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლის განმავლობაში  მრავალჯერადი და სხვადასხვა სახის შეფასებები და თვითშეფასებები მოსწავლეთა საჭიროებების, მიღწევებისა  და პროგრესის დადგენაში დამეხმარება, რის შემდეგაც შევძლებ განვსაზღვრო, რა ცვლილებები შევიტანო სასწავლო პროცესში, განმავითარებელი შეფასებები და თვითშეფასებები მოსწავლეებს უფრო თავდაჯერებულს და დამოუკიდებელ შემსწავლელებს გახდის და თვითრწმენას გაუჩენს.
 ჩვენს მიერ სახლში მომზადებული პროექტის იდეის პუბლიკაცია/საგაზეთო სტატია ავტვირთეთ Google drive-ში, შემდეგ მისი ინტერნეტმისამართის ბმული ჩავსვით ინტელის ტრენინგის რეფლექსიის ბლოგზე და ერთმანეთს გავუზიარეთ.
 ინტერესით დავათვალიერე.   მშვენიერი პუბლიკაციები შეუქმნიათ ბუკლეტების სახით!!!!!!!!!
 საშინაო დავალებად პროექტის შაბლონში შეფასების გეგმის ნაწილში შეფასების დროის ჩარჩოს შევსება და PowerPoint  პროგრამაში ამ ეტაპამდე მისული ჩვენი პროექტის გეგმის პრეზენტაციის შექმნა დაგვევალა. ეს პროგრამა მიყვარს და დიდი სიამოვნებით შევასრულებ ამ დავალებას.

ჩემი პროექტის იდეის პუბლიკაცია/საგაზეთო სტატია

სტატიის   სანახავად  გადადით    ბმულზე

Saturday, October 26, 2013

მასამე დღე

   ერთი კვირის მანძილზე საშინაო დავალების სრულყოფილად, მიზნობრივად და შემოქმედებითად შესრულებაზე ფიქრში დამღლელი ღამეებისა და კომპიუტერთან ყოველდღიურად გატარებული მრავალი საათის  შემდეგ, ტრენინგის მესამე შეხვედრაზე მიმიხარია, Google-ს ჯგუფში დასმულ ყველა კითხვაზე მიღებული პასუხები დამეხმარა დავალებისთვის კარგად გამერთმია თავი. მეც შევძელი მეგობრებს დავხმარებოდი.
   მესამე დღეც დაიწყო. საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ გადავედით სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე. სასწავლო პროექტის დაგეგმვაში სწორედ ეს ეტაპია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ამ ეტაპზე ხდება მოსწავლეთა მიერ შესასწავლი საკვანძო საკითხების გამოვლენა, გავიაზრეთ, რომ სასწავლო მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული და პირდაპირ და უკუკავშირში  ესგ–ის სტანდარტებთან, და არა ბუნდოვანი და დავალებაზე ორიენტირებული. გავარჩიეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა და ბლუმის განახლებული ტაქსონომია, რომლებიც სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებაში დიდ დახმარებას გაგვიწევს.
   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი) ტრენერმა ისე კარგად გადმოქვცა, რომ გეგმაში ამ პუნქტის შევსება ვფიქრობ, არ გამიჭირდება. შეკითხვების დასმა ხომ ხელს უწყობს სწავლის პროცესს, მოსწავლეების ინტერესი–ეძებონ პასუხები საინტერესო კითხვებზე, უვითარებს მათ დამოუკიდებლად სწავლის უნარს. Intel–ის პროგრამა კი გვამარაგებს და გვამარაგებს უამრავი დამხმარე რესურსით, მგონი საკმარისზე მეტითაც. მოკლედ ყველა პირობა გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ ამიერიდან ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, გამართული და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული. 
   ტრენერისგან ხვალისთვის დავალება მივიღეთ და მესამე დღეც დასრულდა.

   მე მომწონს ასე მუშაობა, ვიღლები, მაგრამ რასაც ვაკეთებ, დიდი სიამოვნებით ვაკეთებ!!!

შშ

Sunday, October 20, 2013

მეორე დღე

   ტრენინგის მეორე დღეს ტრენერმა გვირჩია, რომ Google-ს პარამეტრები დაგვეყენებინა, რადგან პროგრამა უკეთესად იმუშავებდა და მოვახდინეთ ამ პარამეტრების დაყენება. წინა დღეს ტრენერის მიერ შექმნილი Google-ს ჯგუფში  გაწევრიანებისა და მის მიერ ამ ჯგუფის მნიშვნელობის ახსნის შემდეგ მივხვდი, თუ როგორ დამეხმარება ასეთივე ჯგუფის შექმნა მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის დროს. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო სივრცე იქნება ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარებისთვის.    მუდმივად მესმოდა 21-ე საუკუნის უნარები, 21-ე საუკუნის უნარები.... აგერ ეს უნარები Inteli-ს პროგრამაში, ასე თვალსაჩინოდ გაშიფრული სხვაგან არსად მინახავს. უკვე კარგად მივხვდი, რომელი უნარების განვითარება დაეხმარება მოსწავლეებს თავიანთი თავის დამკვიდრებაში. გავეცანი სხვადასხვა სახის შაბლონებს, რომელიც პროექტზე მუშაობას გამიადვილებს. ტრენინგის მონაწილეებს დაგვევალა გარკვეული სამუშაოს შესრულება ერთი კვირის განმავლობაში. იდეა უკვე მაქვს, სულ თავში მიტრიალებს და ვიმედოვნებ, შევძლებ თავი გავართვა.

Saturday, October 19, 2013

პირველი დღე

   Intel-ის პროგრამის გაქართულება რომ ხდებოდა, ამ ინფორმაციას ვფლობდი ბატონი კახა ჟღენტისგან მასწავლებლის სახლში კონფერენციაზე ყოფნის დროს და ამ ტრენინგს  ველოდი დიდი მოლოდინით. დათოს მიერ ჩატარებული ტრენინგი გავლილი მაქვს და ჩემთვის მასთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ტრენინგის პირველ დღეს, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ტექნიკური პარამეტრების დაყენება, რომელიც მუდმივად პრობლემას მიქმნიდა. საინტერესო იყო ინტელის პროგრამაში მუშაობის წესების გაცნობა-შესწავლა. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეთა საბოლოო შედეგებზე გასასვლელად ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მიკეთებია პროექტებიც, მაგრამ აქ განხილული უამრავი რესურსი საშუალებას მომცემს, უფრო კარგად დავალაგო ყველა მასალა და შევქმნა პორტფოლიო. სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ Mozila Firefox-ს ჰქონდა პრობლემა და მივწერე ტრენერს ამის შესახებ.