დადგა ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღე. ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს და ვეღარ ვისვენებ, პორტფოლიოს პრეზენტაციას მოუთმენლად ველი. თავი არ დამიზოგავს, რომ საკუთარი გამოცდილება და ტრენინგზე შესწავლილი სიახლეები მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემს პროექტში.
დღეს პირველი პრეზენტატორი ვარ და ასე თუ ისე, ვღელავ.
პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა და ტრენერის აზრით, შემეძლო უკვე ამეტვირთა Google drive-ში და ინტელის ტრენინგის რეფლექსიის ბლოგზე ბმულით დამეკავშირებინა.
მერვე მოდულის ბოლოს ასეთი რამ ამოვიკითხე: ,,კურსის დასრულების შემდეგ, მასწავლებელს ალბათ სურვილი გაუჩნდება, „შვებით ამოისუნთქოს“ და ჩვეული მოთხოვნების შესრულებას დაუბრუნდეს", მაგრამ მე პირადად ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ საშინელი მოუსვენრობისა და სინანულის გრძნობა დამეუფლა. აი ისეთი, საინტერესო წიგნს რომ დაასრულებ და გენანება, რომ დასრულდა. დროდადრო უბრუნდები შენთვის საყვარელ ადგილებს, კითხულობ და ხელმეორედ განიცდი იმ სიამოვნებას, რაც ამ ადგილების კითხვისას მიიღე.
ინტელის ტრენინგი სწორედ ასეთი საინტერესო, შინაარსიანი და საქმიანი ტრენინგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ შრომას, ენერგიას და დროს მოითხოვდა, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე ასეთი სტილით მუშაობისას. ეს ტრენინგი და თვითონ ინტელის საკითხავი მასალა თავისი რესურსებით პროექტებზე მუშაობისას ყოველთვის ,,სამაგიდო წიგნი" და ,,ერთგული მეგობარი" იქნება ჩემთვის. მაგრამ რომ არა ჩვენი ტრენერი–დათო ჯანიაშვილი, არ ვიცი ეს ყველაფერი ასე წარიმართებოდა თუ არა ჩემთვის.
მასწავლებლის შესახებ ნოდარ დუმბაძის ოთხ საიდუმლოთაგან ერთ–ერთს მოვიშველიებ: ,,მასწავლებელს უსაზღვროს უნდა უყვარდეს საგანი, რასაც ასწავლის და შეეძლოს სხვასაც შეჰყაროს ეს სიყვარული, როგორც სენი უკურნებელი".
დიდი მადლობა დათო!
დიდი მადლობა, რომ ასე შემაყვარე ეს საქმე!
ტრენინგის განმავლობაში გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, მასწავლებლები, რომლებთან ერთადაც მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ერთმანეთსაც გულით ვეხმარეოდით.
ტრენინგის განმავლობაში ჩემს მიერ შემუშავებული იდეები და მასალები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ჩვენი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში.
ყველას წარმატებებს ვუსურვებ!